ეპიდემიოლოგები თებერვლის თვეში კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ გაზრდილ ინფიცირებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, „ომიკრონის“ მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება.
ახალი შტამი ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. ამ ეტაპზე, დატვირთულია საავადმყოფოების თითქმის ნახევარი. უფრო მეტად არის გაზრდილი ზეწოლა ამბულატორიული მიმართულებით.
პანდემიის განმავლობაში პირველად, გუშინ რეკორდული – 16 ათასამდე დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს კი, ქვეყანაში, ვირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. ამ ეტაპზე ნაწილი ინფიცირებულების მოდის „დელტა“ შტამზე, ხოლო ნაწილი „ომიკრონზე. „ბუსტერი“, ანუ სამჯერადი ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც „დელტა“ შტამზე და წინამორბედ შტამებზე და ასევე, ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს „ომიკრონის დროს,“ – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.