რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, თედო ბექაური.
ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო თედო ფილმამდე და ფილმი, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა…
ჩვეულებრივი სოფლელი ბავშვი ვიყავი, ვიზრდებოდი სოფელ ორბეთში, ოჯახის გარემოცვაში, მსახიობობა გონებაში არასდროს გამივლია, რა იყო მსახიობობა, არც კი ვიცოდი. ჩამოვედი სოფლიდან ქალაქში და შევხვდი დიდ რეჟისორს. მე და გიორგი ოვაშვილი კლინიკაში შევხვდით ერთმანეთს, მისი ბავშვები თამაშობდნენ, მე გამეღიმა, მან ეს გაღიმება დაიჭირა და დამიწყო საუბარი. გამომკითხა, საიდან ვიყავი და რამდენი წლის გახლდით. ჩემს ცხოვრებაში თვალებმა დიდი როლი ითამაშა, რომ არ ყოფილიყო ასე, მე ამ როლს ვერ მოვიღებდი. ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, თანაც, მორცხვი ბავშვი ვიყავი, მანამდე არაფერი მქონდა ნანახი. ჩემი მშობლები გამუდმებით მამხნევებდნენ.
„გაღმა ნაპირის“ შემდეგ იყო დიდი პაუზა, მერე კი შენით ერთ ფრანგი ქალბატონი დაინტერესდა…
დიახ, ეს იყო ფრანგი ქალბატონი, რომელმაც ჩემი დახმარება გადაწყვიტა და თვალების მკურნალობის ხარჯები დაფარა. მან საფრანგეთში მიმიპატიჟა. ერთ კვირაში დავბრუნდი და თვალები მწყობრში მქონდა. შემდეგ ოჯახი შევქმენი და მასზე გადავერთე. ვმუშაობდი ელიავაზე, ყველას უკვირდა, ჩურჩულებდნენ, აქ რატომ დგასო. ახლა თეატრში, ჩემს საყვარელ სფეროში ვარ, თუმცა კინოდან შეთავაზებები ჯერჯერობით არ ჩანს.
ისიც მოგვიყევი, როგორ გაჩუქეს ფული კინოსეანსზე…
სერბეთში ვიყავი, გადავწყვიტე, საკუთარი ფილმი კინოში მენახა, როდესაც ჩვენება დასრულდა, თქვეს, რომ მსახიობი ესწრებოდა სეანსს, ამან ზღვა ემოცია გამოიწვია, უეცრად ერთი ადამიანი მოვიდა და ფული მომცა, წადი და რომ გიჭირს ასე, რაიმე იყიდე შენთვისო, კუპიურას 2000 ეწერა და ვიფიქრე, ტელეფონს ვიყიდი-მეთქი, თუმცა აეროპორტში მხოლოდ ერთი შეკვრა „ჩუპა-ჩუპსი“ და ერთი შეკვრა „სნიკერსი“ მომივიდა.
როგორც ვიცი, რესტორანში რომ მუშაობდი, ქურდობა დაგაბრალეს…
ჩემთვის არაფერი უკითხავთ, ადგნენ და გამაგდეს, არადა, დამნაშავე არ ვიყავი. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვება, ალბათ, შენი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეტაპია…
ამ გამოწვევით, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუპირისპირდი, ომი გამოვუცხადე. იმ პერიოდში ჩემი ოჯახი მედგა მხარში, ჩემი მეუღლე მამხნევებდა. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. სამი დღის განმავლობაში არ ვჩერდებოდი ხოლმე. ეს გამარჯვება ჩემს თავს და ოჯახს მივუძღვენი. ძალიან დიდი სიყვარული წამოვიდა ჩემ მიმართ. ისეთი დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ შემეშინდა, ცნობილი სახეები მგულშემატკივრობდნენ…