„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანიის „#არგამბოლო“-ს ფარგლებში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ავტომფლობელებს სთავაზობს უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი.
ასევე სიმბოლურად მიიღებენ სერტიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველი მძღოლი და ხის ნერგს, ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად. თუ აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილმა ვერ გაიარა კონტროლი, ასეთი ავტომობილის მფლობელებს გადაეცემათ მწვანე ვაუჩერი 50%-იანი ფასდაკლებით სერვისზე, რომლის საშუალებითაც შეეძლებათ გამონაბოლქვის სისტემის გამართვა.
”თეგეტა მოტორსის” ინფორმაციით, აქცია მოქმედებს მხოლოდ ცენტრალურ ფილიალში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5.
“საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშირჟანგი, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველ პროდუქტებს. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცენოგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს, შემდგომში კი შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველა ჩაერთოთ „თეგეტა მოტორსის“ ეკო კამპანიაში #არგამბოლო და ერთად შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო.” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.