ტეიტ მაკრეი Calvin Klein-ის ჯინსების ახალი გლობალური კამპანიის, Feel the Fit მთავარი გმირია. 2026 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციის სარეკლამო ვიდეოებსა და ფოტოებში მომღერალი ბრენდისთვის დამახასიათებელ, 1990-იანი წლების მინიმალისტურ ესთეტიკას აცოცხლებს.
სარეკლამო კამპანია ფოკუსირებულია მოძრაობის თავისუფლებასა და სხეულზე იდეალურად მორგებულ სილუეტებზე. ვიდეორგოლში, რომელიც ჯგუფ – Deee-Lite-ის საკულტო ჰიტის, Groove Is in the Heart-ის ფონზე მიმდინარეობს, მაკრეი საკუთარ ქორეოგრაფიულ ნიჭს იყენებს და დინამიკური ცეკვით აჩვენებს ჯინსის სამოსის მოხერხებულობას.
ახალ კოლექციაში წამყვანი ადგილი უჭირავს 90-იანების სტილის ფართო და სწორ შარვლებს, ასევე კლასიკურ ჯინსის ქურთუკებსა და ბრენდირებულ თეთრეულს.
კომპანიის განცხადებით, მაკრეის მონაწილეობით წარმოდგენილი Feel the Fit მრავალნაწილიანი გლობალური პროექტის მხოლოდ პირველი თავია, რომელშიც მოგვიანებით სხვა საერთაშორისო ვარსკვლავებიც ჩაერთვებიან.