ყველა ტერორისტული აქტი, რომელიც ბოლო დროს რუსეთში მოხდა, მესენჯერ Telegram-ის საშუალებით კოორდინირდებოდა. ამის შესახებ „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ალექსანდრ ჟაროვმის განმარტებით, ტერორისტული მიზნებისთვის Telegram-ის გამოყენების შესახებ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, ძალოვანმა უწყებებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ რადიო Zello-ც მსგავს ქმედებებში იყო ჩართული. ამ მიზეზით Zello რუსეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დაბლოკილია.
აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ 13 აპრილს მიიღო.
ბოლო პერიოდში Telegram-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.
Telegram-ი ე.წ. კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.