თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “ფორტუნას” ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მაჩალიკაშვილის დედა კლინიკაში მაღალი წნევის გამო განვითარებული ჰიპერტონული კრიზით შეიყვანეს.(ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელსაც იწვევს არტერიული წნევის მკვეთრი მომატება)
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ჩივილები აღარ აღენიშნება” – განაცხადეს “ფორტუნასთან” კლინიკაში.
მედიკო მარგოშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძეც წერს და ამბობს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია.
“თემირლანის დედაა მძიმედ – ახლა გადაყავთ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში !
ჯერ შვილი მოუკალით, ახლა დედას კლავთ !
უსირცხვილო ხალხი ხართ, ქოცებო !” – წერს ელისო კილაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა.სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.