რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მომღერალი და ტელეწამყვანი, თემო საჯაია სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაში სიმღერა დააპრემიერა.
მომღერლობიდან ტელეწამყვანობამდე – როგორ მოირგე ეს როლი?
მრავალი წელია ტელეწამყვანი ვარ, თუმცა არ ვარ ჟურნალისტი, ჩემი სპეციალობა არის მუსიკოსობა. ამ პროფესიაშიც მუსიკის კუთხით ვარ დაკავებული. ვარ წამყვანი, რომელიც მიმოიხილავს იმ ამბებს, რაც ხდება ხელოვნებაში. სხვათა შორის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე საქართველოში პირველი პოდკასტერი ვარ. მიმყავდა პოდკასტი სპორტის შესახებ.
როგორია დღეს იყო მუსიკოსი, შეაფასე ეს ყველაფერი…
დღეს შოუბიზნესი ბევრად უფრო „ამორფული“ და „ეკლიპტურია“, ვიდრე იყო 20-30 წლის წინ. ეს ყველაფერი ტექნოლოგიურ განვითარებას თან სდევს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ განვითარებას ქვეყანამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს ზოგადად მსოფლიო პრობლემაა, უკვე MTV-ც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო უწინ. სიმღერების ქავერ ვერსიებიც კეთდება, აქტუალურია მსოფლიოშიც, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ახალი არ კეთდება, ვერ კეთდება…

შენ როდის ჩაწერე სიმღერა ბოლოს?
მე მუსიკალური პაუზა მქონდა აღებული, ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, ბოლოს 3 წლის წინ ჩავეწერე სიმღერა, მას „მარიტა“ ერქვა და ის აქტიურად ტრიალებდა პლატფორმებზე.
ახლა უშუალოდ გვესაუბრე შენს ახალ ნამუშევარზე, რომელსაც ჰქვია „დახუჭობანა“
შეიძლება ეს არის სიმღერა, რომელსაც ბავშვობაში მიჰყავხარ, თუმცა ასევე შეიძლება იყოს ის თემა, რომ, ზოგადად, ადამიანები, შეყვარებულები, მეუღლეები „დახუჭობანას თამაშობენ“ ხოლმე. მოვიკითხავ აქვე ჩემს მეუღლეს, მარიტას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროექტში.
სიმღერაც და მისი ტექსტიც მეკუთვნის მე, არანჟირებაც მე გავაკეთე, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩაბარდა პროექტის პროდიუსერს, დათო ფორჩხიძეს. ჩვენ ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. შემდეგ იყო კლიპის დაგეგმვა, ამ პროცესში მარიტა აქტიურად ჩაება. 90-იანების ეფექტი მინდოდა და კლიპი გადაღებულია უწყვეტი კადრის პრინციპით, რაც საკმაოდ რთულია.
მადლობა მარიტას, ასევე ბექა შაკაშვილს, შაკო თავბერიძეს და ომარ სარალიძეს. მადლობა ასევე თეო კოჭლამაზაშვილს, რომელიც არაჩვეულებრივი მოცეკვავე და ქორეოგრაფია.

სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე…
ერთი სიმღერა უკვე დასრულებულია და გადაღებაზე ვფიქრობთ, ასევე კიდევ ერთ სიმღერაზე დავიწყე მუშაობა. ახალი წლის დასაწყისში ახალი ვიდეო დაიდება. ზაფხულისთვის კი უკვე კარგი საკონცერტო ბექგრაუნდი მექნება.
შენ საოცარი სიახლეები გაქვს
მეორეჯერ გავხდები მამა, უკვე სქესიც ვიცით, ველოდებით ბიჭს, მაისში ვიზეიმებ მეორედ მამობას.