შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.
როგორც ჭყონიამ აღნიშნა, ბიზნეს სექტორი იკრიბება იმისთვის, რომ განიხილონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და დასახონ სამომავლო გეგმები.
„თუ არ შედგა სწორი ურთიერთობა და არ მოისპო გადაბრალება, შუღლი, სიძულვილი, ფინიშში ვერ გავალთ. გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან. იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, აქ არ არის მხოლოდ ბიზნესზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ვიცოდეთ, რა მომავალი გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება 2030 წელს, ეს ფორმულა ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს თვეების, წლების, კვარტლების მიხედვით, რა იქნება და როგორ. როცა საუბრობენ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა 6- 7%-ია, ამ ხალხის გაკეთებულია, რომელსაც ხედავთ, ეს არ არის იმ ადამიანების გაკეთებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები არიან, პირიქით, ჩვენი შრომის შედეგად არჩენენ ოჯახს, სახელმწიფოს და ხელფასებს იღებენ.“, – განაცხადა ჭყონიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია.
„სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება”,- განაცხადა ჭყონიამ „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა შეხვედრას მართავს.