დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თენგიზ ქართველიშვილის პერსონალურ გამოფენა ”მოგონება ძველ თბილისზე” გაიხსნება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თენგიზ ქართველიშვილის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი პლაკატები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
თენგიზ ქართველიშვილი 70-იანელთა თაობის ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, პლაკატისტი, ექსპოზიციონერი და კინოსა და თეატრის მხატვარია. 1974 წელს მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1973-75 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარ-დეკორატორი, იყო საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. 2001 წელს მას მიენიჭა ღირსების ორდენი. 2004 წლიდან დღემდე იგი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელია.
თენგიზ ქართველიშვილის ხელოვნება გამოირჩევა ლაკონურობითა და ამავდროულად გამომსახველობითი ფერადოვანი გამით. მის პლაკატებში მუდმივად იგრძნობა ძიებები და ახალი, კრეატიული მიდგომა. არტისტის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველ თბილისს. მას ტილოზე გადმოაქვს მოგონებები ძველ ქალაქზე, იხსენებს სახლებისა და ქუჩების პირველად, თვითმყოფად სახეებს და აღადგენს ძველი თბილისის კოლორიტს.
თენგიზ ქართველიშვილის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ის არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო პრემიის მფლობელი.
გამოფენა ,,მოგონება ძველ თბილისზე” 2016 წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.