საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს მთავარ პროკურორს, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
უჩა ნანუაშვილის თქმით, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება მის წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა ჰოსპიტალიდან და თბილისის პირველი იზოლატორიდან ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განცხადებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების მომენტში. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ბრალდებულის თქმითვე დაახლოებით ღამის თერთმეტ საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
“სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ის ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო, როგორც ხდება ტრადიციულად. შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდმცავი ორგანობის წარმამადგებლების მხრიდან. ამავდროულად, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.