ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის ბრალდებას ტესტების მარაგების დეფიციტთან დაკავშირებით პასუხობს.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ტესტების მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ იქნება“.
„ანტიგენი და სწრაფი ანტიგენტესტები დამატებითი 1.5 მლნ ოდენობით შევიძინეთ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. მოწოდება მომდევნო კვირის დასაწყისში დასრულდება. მანამდე ქვეყანაში არის მარაგი ქსელშიც და ასევე გარკვეული რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. 400 ათასამდეა PCR ტესტის მარაგი”. – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია და შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას.
საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი – კალოიანი