LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკი” ბაზარზე N1 ბანკი ხდება დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით

149

„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკა“, ასევე „პროგრესბანკის“ აქტივებისა და პასივების ნაწილი შეისყიდა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ამ გარიგებით ”თიბისი ბანკი” ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით N1 ბანკი ხდება.

”თიბისი ჯგუფმა” და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ”თიბისი ბანკმა” „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7% 315 მილიონ ლარად შეიძინა. ეს ტრანზაქცია უდიდესია ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.

მათივე ცნობით, „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენა სრულად შეესაბამება ”თიბისი ბანკის” სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშველოვანი სინერგისთვის, ვინაიდან , „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის და განსაკუთრებულ აქცენტს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე აკეთებს. მისი ამონაგები კაპიტალზე 2013 წლიდან ყოველ წელს შეადგენდა 18%- ს, ხოლო 2015 წელს – 21 %-ს.

”თიბისი ბანკმა” „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7 %-ი („სოსიეტე ჟენერალის“ 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდა. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % ”თიბისი ბანკის” ახლად გამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება ”თიბისი ბანკის” აქციების 5.4 % – ის მფლობელი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე”, – განმარტავენ ბანკში.

რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.27 %-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, ”თიბისის” უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.

”შერწყმის შედეგად: ”თიბისი ბანკი” ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. ”თიბისი ბანკის” ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3 % -ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს; ”თიბისი ბანკის” პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით; კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს; კიდევ უფრო გაფართოვდება ”თიბისი ბანკის” მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 169-მდე, ხოლო ბანკომატების – 517-მდე; ”თიბისი ბანკი” ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ”, – აღნიშნეს ”თიბისიში”

მათივე ცნობით, ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე.

აღნიშნულ გარიგებაში ”თიბისი ბანკის” ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan, ხოლო Baker and Mckenzie LLP -საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყიდვის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია ”თიბისი ბანკის” გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნების შესასრულებლად, რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.  ”თიბისი ბანკის” მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოცდილება ამ ტიპის ინტეგრაციებში და გვაქვს სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენეტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ“, – აღნიშნა ”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g