LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თიბისი ბანკი” სახელმწიფო ოპერის თეატრის პარტნიორი გახდა

112

“თიბისი ბანკი” სახელმწიფო ოპერის თეატრის პარტნიორი გახდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განცხადება დღეს ოპერის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივი ბრიფინგზე გააკეთეს.

“თიბისი ბანკსა” და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას, ერთობლივი კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას.

„თიბისი ბანკი”, ტრადიციულად, არის კულტურის მხარდამჭერი საქართველოში. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა, როგორიც არის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მრავალი საოპერო მომღერალი, რომლებმაც ამ თეატრში აიდგეს ფეხი. ჩვენ  ვიქნებით ის გუნდი, რომელიც მათ მხარში დაუდგება და უამრავ ერთობლივ, საინტერესო პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას,“ – განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

2016 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა.  შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს;  სრულიად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი დიდი ბიზნესჯგუფი ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდამჭერი გახდა.  მათი ყველანაირი დახმარება ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩვენ ახლა ვიწყებთ თანამშრომლობას და უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს ერთად განსახორციელებელი,“ – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელსაც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფესიული საბალეტო კომპანიაა. საბალეტო დასი  გამორჩეულია მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის თითქმის ყველა სპექტაკლი, ასევე თანამედროვე  ქორეოგრაფების ბალეტები. უკვე ათ წელზე მეტია ქართული ბალეტი თანამშრომლობს ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან, თანამედროვეობის ისეთ გამოჩენილ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან – ირჟი კილიანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი და სხვა. დასის რეპერტუარში 60–ზე მეტი კლასიკური და ერთმოქმედებიანი ბალეტია.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები