თიბისიმ, ბიზნესების მხარდასაჭერად, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.
შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის მიერ 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.
TBC x GLOVO
თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს. მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას 10 იანვრის ჩათვლით თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ.
TBC x MYMARKET
თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ მონაწილეობენ. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.
მომხმარებლები, რომლებიც „ევროპული საახალწლო ბაზრობის“ კატეგორიაში განთავსებულ პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით.