LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი გალერეაში“ სტუდენტური კონკურსის – „მისია 2015“ გამარჯვებულები გამოავლინეს

106

„თიბისი გალერეაში“ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის – „მისია 2015“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის ჟიურიმ  სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პირველი ადგილი გუნდს „The Wailers” ერგო, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილი შესაბამისად გუნდებმა – „Team ABC” და „ნიცამ“ გაინაწილეს. გამარჯვებულებმა პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი მიიღეს. შესაბამისად, I ადგილი – 2500 ლარი, II ადგილი – 1500 ლარი და
III ადგილი – 1000 ლარი.

ფინალში გასულ ყველა მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 6 გუნდი ჟიურის წინაშე ელექტრონული წიგნების სახლი „საბასთვის“ შექმნილი პრეზენტაციებით წარდგა.

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და “თიბისი ბანკი”  ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2015 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია თიბისი ბანკი გახდა, ხოლო დავალება კონკურსანტებს ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ მიაწოდა.

“კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები,”- განაცხადეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 63-მა გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 6 საუკეთესო გამოავლინა. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.

ჟიურის შემადგენლობაში უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, „თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, ელექტრონული წიგნების სახლი “საბას” დირექტორი ირინა ჯავახაძე, “საბას” პროექტის ხელმძღვანელი მაიკო ძირკველიშვილი, კომპანია „ჯეოსელის“ მედიასთან ურთიერთობის ექსპერტი თაკო როდონაია და ინტერნეტ ჟურნალის „მარკეტერი“ დამფუძნებელი აკო ახალაია შედიოდნენ.

პოპულარულები