LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა

101
BeFunky-collage (5)

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ.

ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება.

„დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g