LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეულ ჩვენგანს 17 ათას 500 ლარის ვალი გვაქვს: ვინ გადაიხდის მილიარდობით საგარეო ვალს

243
FORTUNA.GE (73)

საკმარისია საინფორმაციო გამოშვებებში მოვისმინოთ ან თუნდაც ინტერნეტში გადავაწყდეთ ინფორმაციას, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა, მაშინვე ვიწყებთ კრიტიკას და გაბრაზებულები ვკითხულობთ – რატომ აიღო მთავრობამ ამხელა ვალი და იქვე მივაყოლებთ – ეს ფული ხომ ისევ ჩვენი გადასახდელია?! გავა ერთი-ორი დღე და საგარეო ვალის შესახებ მოსმენილი ან წაკითხული აღარავის გვახსოვს. რატომ ? ფრაზას – „ეს ფული ხომ ისევ ჩვენი გასასახდელია“, დიდი ალბათობით, გაუაზრებლად ვამბობთ და კარგად ვერც ვაცნობიერებთ, რომ მართლა ჩვენ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუწევთ თითოეული თეთრის საკუთარი ჯიბიდან გადახდა.

გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად მარტივ ენაზე აგიხსნათ, რას ნიშნავს საგარეო ვალი, განვმარტოთ, რომ ვალი – ცალკე აღებული კი არაა საშიში, ის არაერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც აქვს, უბრალოდ ვალი საგანგაშოა მაშინ, როცა ის შემოსავალზე მეტია და ახლა სწორედ ამ საგანგაშო სიტუაციაში ვიმყოფებით.

ოფიციალური მონაცემები

ამ დროისთვის, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 19,7 მილიარდი დოლარი ანუ დღევანდელი კურსით დაახლოებით 65 მილიარდი ლარია.

მხოლოდ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ დოლარით გაიზარდა. კონკრეტულად ამ პერიოდში აღებულ ვალს ხელისუფლების წარმომადგენლები კორონაპანდემიას უკავშირებენ, მაგრამ მანამდე, რა ხდებოდა კორონავირუსის გამოჩენამდე?

ხდებოდა ის, რომ უფასურდებოდა ლარი. ჩვენ კი სესხი, რა თქმა უნდა, უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული. ამიტომ 2012-2013 წლებში რა ვალიც გვქონდა, ის გაიზარდა (ნაწილი გადავიხადეთ) ლარის გაუფასურების გამო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს საგარეო ვალმა უკვე მშპ-ს 60%-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელს 2021 წლის ბოლომდე გადააჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ 2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ს 62% იქნება, ანუ კანონით გათვალისწინებულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

რატომ გაიზარდა ვალი

როგორც გავარკვიეთ, საგარეო ვალის მიზნობრიობა წინასწარ დეტალურად გაწერილი არ არის ხოლმე, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, ეს ყველაფერი საჯარო იყოს და იცოდნენ, რისთვის იღებს ხელისუფლება მილიონობით ვალს. როგორც გაირკვა, საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. მიზნობრიობასა და პროგნოზებზე ფინანსთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც ამ საკითხზე პასუხისმგებელი რესპონდენტი ვერ ან არ მოძებნეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ბოლო თვეებში კორონაპანდემიის გამო აღებული ვალიც დაემატა, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ლარის გაუფასურებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვალი დოლარში ან ევროშია აღებული. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012 წელს 1 დოლარი 1, 70 ლარი ღირდა, 1 ევრო – დაახლოებით 2.30, ახლა კი – 1 დოლარი 3.33 ლარი ღირს, 1 ევრო – 4.00 ლარი, მარტივი მისახვედრია, სულ რომ არაფერი დაემატებინა ხელისუფლებას, ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო, არსებული ვალი ისედაც საგრძნობლად გაიზრდებოდა. ამაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ როდესაც ვალის ზრდაზე ვსაუბრობთ, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1. ვალი, ძირითადად, არის დოლარსა და ევროში; 2. დაფინანსება, რომელიც მთავრობამ კორონაპანდემიასთან გასამკლავებლად მიიღო.

 

რას ამბობენ ეკონომისტები და რას ამბობს ხელისუფლება

რადიო „ფორტუნა“ ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ საგარეო ვალი რადგან მშპ-ს 60%-იან ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება, სავარაუდოდ, კანონში ცვლილებას შეიტანს და ამ დადგენილ ზღვარს კიდევ უფრო გაზრდის.

„მნიშვნელობა არ აქვს მიზნობრიობას, ყოველთვის შეიძლება მოიგონო, რომ ის რაღაცისთვის გჭირდება. რეალურად, ასეთი მასშტაბის ვალი არის მომავალი თაობების დატვირთვა. რეალურად ფულს იღებს ხელისუფლება, რომ მაგ. დაასაქმონ საკუთარი მომხრები. ესენი ვალებს საჭიროებებისთვის არ იღებენ“, – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

 

ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა კი გვითხრა, რომ უდიდესი საგარეო ვალის გასტუმრებას ქვეყანა იმ პირობებში ვერ მოახერხებს, როგორშიც ახლაა. მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა რეალურად ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნელა იზრდება.

„მინისტრმა დააანონსა და თქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც პანდემიამდე, ანუ 2019 წელს. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო 4 წელიწადში, ფაქტობრივად, არ გაიზრდება.
ვალის 60% ნიშნავს კრიტიკულ ზღვარს, რაც მიუთითებს, რომ თუ საგარეო ვალდებულებას ვეღარ ისტუმრებს, ქვეყანა გადახდისუნარიანობას კარგავს. ამ ნიშნულს რომ ჩამოვცდეთ, საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, მაგრამ ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა ყიფიანმა.

ეკონომისტებისა და ექსპერტების არ იყოს, არანაკლებ შეშფოთებული ჩანს თავად ხელისუფლებაც.

ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანა რთულ ფაზაში შედის. როგორც ივანე მაჭავარიანმა თქვა, მომდევნო ოთხ წელიწადში თუ შევძელით, რომ ვალის მოცულობა მშპის 50%-ის მიდამოში ჩამოვიდეს, ეს იქნება დიდი გამარჯვება.

ოღონდ არ დაუზუსტებია, ამას როგორ აპირებს ხელისუფლება გაუფასურებული ლარისა და შემცირებული ინვესტიციების პირობებში.

კიდევ უფრო მწვავე იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი კოვზანაძემ თქვა, რომ ის არსებული სიტუაციით შეშფოთებულია.

არ დაგიმალავთ და ვიტყვი, ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება მთავრობის ვალისა და დეფიციტის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა. გაზრდილმა რისკმა, თავის მხრივ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და, აქედან გამომდინარე, ასიგნებების განხორციელებას. ვალის შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, 2021 წელს თუ არა, 2022 წელს ჩვენს რეიტინგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდეს. ვფიქრობ, საჭიროა ამ საკითხებზე ახლავე ფიქრი“, – განაცხადა კოვზანაძემ.

 

როგორ მოგიწევთ თითოეულ თქვენგანს მილიარდობით ვალის გადახდა

ეს კითხვა „ფორტუნამ“ ექსპერტებს დაუსვა და მარტივი პასუხი მიიღო – გაზრდილი გადასახადებით.

„საგარეო ვალი რომ გადაიხადო, ეკონომიკიდან უფრო მეტი გადასახადი უნდა ამოიღო, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა ნელდება. გადასახადები პირდაპირ ეკონომიკის მუხრუჭია. მე არ ვამბობ, რომ გადასახადები უნდა გაუქმდეს, ცხადია – არა,  მაგრამ უნდა იყოს დაბალი გადასახადები. ამის ნაცვლად, ვზრდით საგადასახადო ტვირთს, ვიღებთ ვალებს“, – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ამას ისიც ემატება, რომ ირაკლი კოვზანაძის თქმის არ იყოს, ქვეყნის რეიტინგზე ეს ყველაფერი ცუდ გავლენას ახდენს. როგორც ეკონომისტებმა გვითხრეს, რამდენიმე რეიტინგულმა სააგენტომ მართალია ჯერ რეიტინგი არ შეგვიმცირა, მაგრამ ე.წ. დაკვირვების სტატუსი შეცვალა ნეიტრალურიდან ნეგატიურამდე, რაც ცხადია ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია.

magti 5g