დატკბი მომენტით, ის განუმეორებელია! ისიამოვნე ყოველი დღით, თითქოს ის უკანასკნელია! – როდესაც თვითმფრინავის ტრაპიდან ახალ ქვეყანაში ჩადიხარ, ეს გამონათქვამები ლოზუნგებად იქცევა ხოლმე. თუ ეს გრძნობა გეცნობათ, ცრურწმენები მეორე პლანზე გადადის და ადგილს ადრენალინს უთმობს, მაშინ აი ეს ექსტრემალური თავგადასავალიც უნდა გადაიტანოთ.
თუმცა აქედანვე შევთანხმდეთ – ამას ყველა ნამდვილად ვერ იზამს.
კლიფჯამპინგი ახალ ზელანდიაში
ეს იქნება ყველაზე მაღალი კლდის ფერდობიდან დაშვება თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ასეთი სიმაღლე გელოდებათ საკურორტო ქალაქ კუინსტაუნში. სიცარიელეში ხტომის ფასი 45 დოლარიდან იწყება. ხოლო ყველაზე საშიში ნახტომი („მეგა ნახტომს“ ეძახიან) 744 დოლარი დაგიჯდებათ.
საღამო დიდ თეთრ ზვიგენებთან სამხრეთ აფრიკაში
თუ გინდათ ნერვები გამოსცადოთ, აგერ ცხვირწინ უზარმაზარი ზვიგენია, თან მისავე ტერიტორიაზე. „ახალ მეგობრებს“ კეიპტაუნსა და მოსელბაიში გაიჩენთ. საჭიროა საიმედო ოპერატორის ნახვა. უფროსებისთვის წყალში ჩასვლა, როგორც წესი, 100 დოლარია.
ველოგასეირნება სიკვდილის გზაზე ბოლივიაში
პატარა რჩევა: წინასწარ არ დაგუგლოთ. უბრალოდ მაინც იცოდეთ, რომ ეს ძალიან საშიშია. გზა ლა პასიდან კოროიკომდე მიუყვება. გასეირნება დაახლოებით 70 დოლარი და 4-5 საათი მძაფრი შეგრძნებები დაგიჯდებათ.
ცეცხლთან თამაში ტაილანდში
ცეცხლის ალში გახვეულ ექსტრემალურ თავგადასავალს სიამის ყურეში კუნძულ პხანგანზე იპოვით სავსე მთვარეობისას – 19 ივნისი, 21 ივლისი, 18 აგვისტო. დაგეგმეთ და დარჩით ამ კურორტზე.
უიქენდი ვარანებთან ინდონეზიაში
ერთადერთი საშუალება მიაღწიო კომოდოსა და რინკის კუნძულებს, ნავია ლაბუან ბაიოდან, სადაც ბალიდან ჩაფრინდებით. პარკში შესვლა 20 000 ინდონეზიური რუპია ღირს, 2 დოლარიც არ არის.
ღამის გასეირნება იჯენის ვულკანთან
თუ ინდონეზიაში აღმოჩნდებით და უზარმაზარ ხვლიკებთან ურთიერთობა ვერ აგეწყოთ, დრო არ დაკარგოთ და იშვიათი ბუნებრივი მოვლენის სანახავად გაეშურეთ – ცისფერი ცეცხლი, რომელიც ვულკანიდან იფრქვევა. ოღონდ აუცილებლად ღამით, ეფექტის გასაძლიერებლად. სტარტის წერტილია ქალაქი კეტაპანგი. ისე დაგეგმეთ, რომ მწვერვალზე დაბნელებულზე მიხვიდეთ – ადრენალინის აფეთქება გარანტირებულია!