LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება – საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურზე გარდაცვლილი მოქალაქეების ფაქტზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

64
BeFunky-collage (4)

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით,  საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

აღნიშნული რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს წარმოადგენს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებს, ასევე ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც მათივე ცნობით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, უწყებას ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი  ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში უმაღლეს დონეზე დასვას.

მათივე ცნობით, დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილეს მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ინფორმირება.

“საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები