სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად დაღუპულ 34 წლის ალპინისტს, არჩილ ბადრიაშვილს საბურთალოს ახალ სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
არჩილ ბადრიაშვილს უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები აცილებენ.
მრავალი ჯილდოს მფლობელ, გამორჩეულ ალპინისტს საჯაროდ ემშვიდობებიან მისი მეგობრები სოციალურ ქსელშიც და მას ემოციურ სტატუსებს უძღვნიან:
„ზოგ ადამიანთან ყველა შეხება გამდიდრებს და გაძლიერებს. აჩი იყო ასეთი, მასთან ყველა შეხვედრა მეც სხვებივით მიხაროდა და მაამაყებდა. შხელდაზე დაცემულმა მეხმა – სხვებთან რა მოსატანია, მაგრამ – ჩემთანაც მოაღწია და მეც სიცარიელეში გადამაგდო, სოფელზე აუგი მაფიქრა. ამ დროს სიტყვები იყო, როგორც ცოცხალი საჭიდები მთებში, რომლებსაც ვერ ენდობი, ვერაფერს დააყრდნობ, რომლებიც ხელ-ფეხიდან გეცლებიან, მთის უფსკრულებში ცვივიან.
ნუგეში და ძალა ისევ აჩის სამყაროსგან, მისი ცხოვრების ნაწილისგან მოვიდა – მისი დის, რუსკას პირველი სიტყვებიდან აქ, ფეისბუქზე… ამ პატარა ნაწერში იმდენი მადლიერება და სულგრძელობა დევს, ისეთი ზრუნვა სხვებზე… იქით ამხნევებს და ანუგეშებს ბიჭებს, რომლებიც იმ კვირა დღეს აჩის გვერდით იყვნენ, მათთვის ტვირთის შემსუბუქებაზე ფიქრობს. ჩვენ ყველას გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ზუსტად აჩის შესაფერისი და საკადრისი სიტყვებია.
და ახლა მოვახერხებ, ვთქვა: საოცარმა ადამიანმა იცხოვრა ჩვენ გვერდით. საოცარი ცხოვრებით. ოქროსწერაყინიანმა, ოქროსგულიანმა და ოქროსგზიანმა. მის ჯილდოსაც „მთამსვლელობის ოსკარს“ შემთხვევით არ ეძახიან: ეს ჯობნის ჯილდო არაა, ეს კარგი ამბის შექმნის ჯილდოა. ბევრი იცხოვრა, სწორი ნაბიჯებით იარა, ოქროს კვალი დატოვა და მეც რუსკას მერე გავბედავ და ვიტყვი: მაგრად წავიდა.
და ისევ აჩის სიტყვებით გავმხნევდები, ყველას რომ დაგვიტოვა:
„ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.
ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!“ – წერს არჩილ ბადრიაშვილის მეგობარი ნინო ბარძიმიშვილი.
ზოგ ადამიანთან ყველა შეხება გამდიდრებს და გაძლიერებს. აჩი იყო ასეთი, მასთან ყველა შეხვედრა მეც სხვებივით მიხაროდა და…
Posted by Nino Bardzimishvili on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024