მოგზაურობა მხოლოდ მიმართულება არ არის – ეს ახალი გამოცდილების, ემოციებისა და აღმოჩენების ჯაჭვია. მოგზაურობის მსურველების სწორედ ამაში დარწმუნებას ცდილობს „თრეველოპედია“ – ტურისტული კომპანია, რომელიც თითოეულ მოგზაურობას უნიკალურ ისტორიად აქცევს.
ქეთი თითბერიძე, ტურისტული კომპანიის „თრეველოპედია“ დამფუძნებელი:
– „თრეველოპედია“ 2018 წელს დაარსდა, თუმცა ბაზარზე მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ გამოჩნდა. ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა 1995 წელს დაწყებულ ჩემს მოგზაურობის ისტორიებს უკავშირდება. სტუდენტობისას გერმანიაში ვსწავლობდი და თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად, ბევრს ვმოგზაურობდი როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქალაქებში. სწორედ მაშინ ვისწავლე მოგზაურობის სწორად დაგეგმვა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, საბოლოოდ, „თრეველოპედიის“ შექმნის იდეამდე მიმიყვანა. მსურდა, მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად სხვა ადამიანებისთვისაც მექცია. ბაზარი, რა თქმა უნდა, დიდი და კონკურენტულია, მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, ვიყოთ მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებულები, არ დავაგდოთ მომსახურების ხარისხი და მუდმივ განვითარებაზე ვიზრუნოთ. წელიწადში რამდენიმე საინფორმაციო ტურში ვმონაწილეობთ, მივემგზავრებით ახალ ლოკაციებზე, რომ კარგად შევისწავლოთ ესა თუ ის კურორტი, სასტუმრო, რათა უფრო თამამად შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ესა თუ ის მიმართულება. როდესაც პროდუქტი კარგად იცი, მისი შეთავაზება ბევრად მარტივია.
– კონკრეტულად რა პროდუქტებს სთავაზობთ მოგზაურობის მსურველებს?
– ვცდილობთ, ადამიანმა „თრეველოპედიაში“ იპოვოს ყველაფერი, რაც მას მოგზაურობისთვის სჭირდება – იდეიდან დაწყებული შესრულებით დამთავრებული – იქნება ეს სრულად ორგანიზებული ტური თუ მხოლოდ ერთი კონკრეტული სერვისი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტურებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, სასტუმროებისა და ავიაბილეთების დაჯავშნას, შიდა ექსკურსიებს, სპორტულ ღონისძიებებზე, კონცერტებზე დასწრებას, ტრანსფერებს – მოკლედ, ყველაფერს, რაც მოგზაურობას კომფორტულსა და საინტერესო გახდის.

– რომელი მიმართულებები სარგებლობს თქვენს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით?
– თუ ზაფხულზე ვისაუბრებთ, ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება თურქეთი, კვიპროსი და საბერძნეთის კუნძულები, აგრეთვე ესპანეთის და იტალიის საზღვაო კურორტები. ზამთარში კი, ტრადიციულად, ეგვიპტე და საამიროები ლიდერობს. წელს უკვე დაგვემატა დოჰა – კატარის დედაქალაქი, რომელიც მიმდინარე სეზონზე საკმაოდ მოთხოვნადია. საშობაოდ განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს ევროპის ქალაქებზე, რადგან ადამიანებს სურთ, ევროპული დღესასწაულის ატმოსფერო განიცადონ. ყველა სეზონზე პოპულარული და მოთხოვნადი ქალაქი სტამბოლია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაიზარდა ინტერესი აზიის მიმართულებებისადმი (ბალი, ვიეტნამი, ტაილანდი, შრი-ლანკა, იაპონია), როგორც ირკვევა, ადამიანები ახალ კულტურას და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ. აქვე დავძენ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში აშკარად იზრდება მოთხოვნა შემოდგომისა და გაზაფხულის ტურებზე – ადამიანები ცდილობენ იმოგზაურონ უფრო მშვიდ გარემოში, როდესაც კურორტები ნაკლებადაა გადატვირთული.
– როგორ პასუხობთ ტურისტულ სფეროში მუდმივად არსებულ გამოწვევებს, რათა არ დაკარგოთ საკუთარი ნიშა ბაზარზე?
– ტურიზმის სფერო ცვალებადია. ზოგჯერ ამას ეკონომიკური, ზოგჯერ პოლიტიკური მიზეზები იწვევს. ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ მოქნილობით. სწრაფად ვერგებით ახალ რეალობას და ყოველთვის ვპოულობთ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსონალიზაციას, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ვემსახურებით, რადგან გვჯერა, რომ მოგზაურობა ყველასთვის განსხვავებულია. ასევე, ვმუშაობთ მხოლოდ სანდო, გამოცდილ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გვეხმარება, ნებისმიერ სიტუაციაში ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ მგზავრებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური დამოკიდებულება – ზრუნვა, გულწრფელობა და რეალური კავშირი მომხმარებელთან.

– რამდენად ხშირად ანებივრებთ მომხარებლებს შეთავაზებებითა და აქციებით?
– შეთავაზებები და აქციები ჩვენი საქმიანობის მუდმივი ნაწილია, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დიდწილად ავიაკომპანიების აქციების მიხედვით ვამზადებთ სპეციალურ შეთავაზებებს. ამჟამად შავი პარასკევისთვის ვემზადებით. გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ ადრეული ჯავშნებზეც, უკვე გვაქვს კიდეც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეთავაზებები და შესაძლებელია ზაფხულის ტურების 30%-50%-იანი ფასდაკლებით შეძენა. შედეგად, ის, ვინც ადრიანად გეგმავს, ყოველთვის მოგებულია როგორც ფასის, ისე არჩევანის თვალსაზრისითაც – სეზონის მოახლოებისას ბევრ კარგ სასტუმროს ადგილები აღარ აქვს ან საკმაოდ ძვირია. სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ადრეული ჯავშნების შესაძლებლობას.
– აღნიშნეთ, რომ მუდმივად განვითარებაზე ხართ ორიენტირებულნი, შესაბამისად, სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ.
– სამომავლოდ ტურისტული პროდუქტების გაფართოებას ვგეგმავთ – ახალი მიმართულებების დამატებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორობები და შევქმნათ თემატური ტურები. გვინდა, საზოგადოებას უფრო მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ.