LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს რექტორი – კომპრომისი ნაპოვნია და სტუდენტებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, თბილისში ჩამოვიდნენ, ბევრი ფაკულტეტი ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს

431
giorgi-sharvashidze_w_h

კომპრომისი ნაპოვნია და იმ სტუდენტებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო საშუალება არ აქვთ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ, ბევრი ფაკულტეტი სთავაზობს სხვა, ალტერნატიულ საშუალებებს, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს იქნება „ზუმით“ მეცადინეობა, ლექციებში ჩართვა „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით, პოდკასტების დაგზავნა და ასინქრონული სწავლება. ანუ ყველა საშუალება, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სტუდენტს საშუალება ჰქონდეს, სრულყოფილი განათლება მიიღოს, რათა ფინალური გამოცდებისთვის მოემზადოს“, – განაცხადა შარვაშიძემ.

შარვაშიძის თქმით, 18 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი სრულად გადავიდოდა ჩვეულებრივ სწავლებაზე, რადგანაც ქვეყანაში პანდემიის სიტუაცია მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.

„ეს იყო მთავარი ამბავი, რაც გვინდოდა, გაგვეკეთებინა და მეორე, ამაზე სტუდენტებთანაც გვქონდა საუბარი და ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვეულებრივ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს. ჰიბრიდული სწავლება ვერ იქნება ისეთი ხარისხიანი, როგორიც ჩვეულებრივი, ტრადიციული სწავლებაა“, – განაცხადა შარვაშიძემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა, მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს ყველა სტუდენტის მოთხოვნას და აუცილებელია, ითვალისწინებდეს იმ სპეციფიკას, რომელსაც ესა თუ ის საგანი გვაძლევს.

„არის მიმართულებები და დისციპლინები, სადაც ძალიან ადვილია ონლაინში გადასვლა. მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებები, სამაგისტრო კურსები იქნება თუ სადოქტორო მიმართულება, მაგრამ რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, როგორ შეიძლება, მაგალითად, კბილის ექიმი სრულად ონლაინ იღებდეს განათლებას, ან ბიოქიმიკოსი, რომელსაც წვდომა უნდა ჰქონდეს ლაბორატორიაზე, ან არქეოლოგი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს საველე სამუშაოები და ა.შ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უნივერსიტეტის შესაბამისმა საბჭოებმა იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც ამ მიმართულებებზე არის“, – განაცხადა შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ასევე განაცხადა, რომ ბინების სიძვირის პრობლემა გასაგებია, მაგრამ უნივერსიტეტს აქვს ორი საერთო საცხოვრებელი, საიდანაც ერთი არის ბაგების ძველი და ცუდი, მეორე კი ლისის ტბაზე ახალი და კარგი საცხოვრებელი, თუმცა ორივე საერთო საცხოვრებელში დღემდე არის ვაკანტური ადგილები და რამდენიმე ათეული ადგილი შეუვსებელია.

შეკითხვაზე, არის თუ არა რეალურად სტუდენტებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ჩვეულებრივ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაბნეულობა გამოიწვია, გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ დგას. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სტუდენტის საკითხი ინდივიდუალურად იქნას განხილული.

„ეს არის მართლაც ინდივიდუალური საკითხები და არა საერთო საკითხი. უამრავი სტუდენტია, რომელსაც ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლა უნდა და უამრავი სტუდენტია, რომელსაც არ უნდა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება. გასაგებია ეს ყველაფერი და ამიტომ ვეძებთ ოქროს შუალედს. ეს ოქროს შუალედი არის სწორედ ინდივიდუალური მიდგომა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები