თსუ-ში 25-ზე მეტი სტუდენტი შიმშილობს. როგორც რადიო „ფორტუნას“ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა, უნივერსიტეტში წლების მანძილზე უამრავი პრობლემა დაგროვდა და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ პრობლემებზე საუბარს იწყებენ, მათ მოსაგვარებლად უნივერსიტეტის ხელმძღვანელები რეალურად ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.
საბაური ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებაში არაერთი პრობლემაა, მათ შორის – სასწავლო პროცესში, ინფრასტრუქტურული პრობლემები, არასწორი მენეჯმენტი. მისივე ინფორმაციით, პრობლემებზე სასაუბროდ ორი დღის წინ რექტორს შეხვდნენ და რადგანაც მიიღეს ისეთივე დაპირებები, როგორც ადრე და დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად რეალურად არავინ იზუნებს, შესაბამისად, მათ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილი დაიწყეს.
სტუდენტთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ პროტესტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალურ ზომებს არასწორად მიიჩნევს.
„უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არასწორად მიიჩნევს მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალური ზომების, ამ შემთხვევაში შიმშილობის ფორმის გამოყენებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულყოფა მუდმივად ხდება. გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს, რომელთა გადაჭრა ეტაპობრივად, მხოლოდ დიალოგის გზით, სამუშაო რეჟიმში და სტუდენტების უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოგმართავთ, უარი არ თქვათ დიალოგსა და თანამშრომლობაზე, რადგან თითოეული ჩვენგანი არის უნივერსიტეტის ნაწილი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა გადავდგათ”, – ნათქვამია თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაში.