“ბინასა და კოვიდსასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე იქნებიან დატოვებული” – ამის შესახებ განმარტება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, კოვიდინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით მიმდინარეობს.
“კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ანუ ბინასა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება, იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, მაქსიმალურად ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილი განმარტავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება.
მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ.
„დღეიდან ამოქმედდა წესი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად გადავლენ თვითიზოლაციაში. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ჩვენს თანამემამულეებს და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილი დაგვპირდა, რომ თუ ქვეყანაში აპოკალიფსი იქნება, ამას პირველად მთავრობის ტრიბუნიდან შევიტყობთ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ასევე, ზარებზე მასიურად არ პასუხობენ და ადამიანები კონსულტაციას ვერ იღებენ.
„მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ, ამ ნაწილში განსაკუთრებით. ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება. მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილია და ემსახურება ალბათ, იმ ადამიანების მხრიდან პანიკის დათესვის მიზანს. თვითიზოლაციაში რეალურად, დღეს 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ მათგანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ, კონსულტაცია ერთი-ორი საათით დაგვიანდა, ასეთ შემთვევებზე ზოგიერთი ადამიანი სოციალური ქსელში აცხადებენ, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი. ძალიან გთხოვთ, ამ ერთეული შემთვევების გამო პანიკას არ ავყვეთ. პირველივე დღიდან, მთავრობა იყო უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ სხვა გზა არ არის და აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
