LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ აუზზე მიდიხართ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ“ – ექიმი გიორგი ღოღობერიძე აუზის უხილავ საფრთხეზე საუბრობს

167
Iran War Made Belgium Wholly Dependent on Russia

აუზში ქლორის სუნი ყოველთვის სისუფთავეს არ ნიშნავს – ზოგჯერ ის წყალში დაგროვილი ოფლისა და შარდის ნარჩენებისგან წარმოქმნილი ქლორამინების არსებობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს და განმარტავს, რომ სწორედ ეს ნივთიერებები იწვევს თვალების გაღიზიანებას, სიწითლეს და შესაძლოა სასუნთქი გზების დისკომფორტსაც.

მისი თქმით, ბევრს მიაჩნია, რომ თვალების ანთების მიზეზი აუზის წყალში არსებული ქლორია, თუმცა რეალურად პრობლემა ხშირად სხვა ნივთიერებებთან არის დაკავშირებული.

გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, აუზიდან ამოსვლის შემდეგ თვალების სიწითლე შესაძლოა გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით – თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით. მისი თქმით, ქლორი, რომელიც წყლის დეზინფექციისთვის გამოიყენება, ჩვეულებრივ პირობებში თავად არ იწვევს თვალის ანთებას.

ექიმის ინფორმაციით, პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ქლორი ადამიანის ოფლსა და შარდში არსებულ ნივთიერებებთან რეაგირებს. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება ქლორამინები, რომლებიც თვალების, ცხვირისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მისივე თქმით, ქლორამინებმა შესაძლოა კანზეც გამოიწვიოს სიმშრალე, ქავილი და გაღიზიანება.

ექიმი განმარტავს, რომ აუზში ქლორის ძლიერი სუნი ყოველთვის არ ნიშნავს დიდი რაოდენობით სუფთა ქლორის არსებობას – ხშირად ეს სწორედ ქლორამინების დაგროვებაზე მიუთითებს, რაც წყალში ოფლისა და სხვა მინარევების არსებობას უკავშირდება.

გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას მოუწოდებს, აუზში ჩასვლამდე აუცილებლად მიიღონ შხაპი და დაიცვან ჰიგიენის წესები.

„აუზში ჩასვლამდე ყველამ აუცილებლად უნდა მიიღოს შხაპი. მხოლოდ წყლით გადავლება საკმარისია, რომ კანიდან ოფლი და სხვა მინარევები ჩამოირეცხოს. ასევე, არასოდეს უნდა მოშარდოთ აუზში – ამით არა მხოლოდ წყალს აბინძურებთ, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნით“, – აღნიშნავს ექიმი.

მისი თქმით, აუზის სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები