სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გურამ კაშია და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ.
ნიკა ჭანტურიასთან ერთად, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში „ლოკომოტივის“ კიდევ ხუთი წევრი, გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, რევაზ თევდორაძე, თემურ შონია, მამია გავაშელიშვილი და ჯონ ოლურემი იმყოფებოდნენ.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, გურამ კაშიამ და ნიკა ჭანტურიამ ბულინგის მნიშვნელობასა და სკოლებში ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლოკომოტივის” ვიცე-კაპიტნებმა ასევე ილაპარაკეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობზე და დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.
გურამ კაშიამ ბავშვებს მიმართა და საკუთარი ბავშვობის შესახებ უამბო, როცა სპორტი ნაკლებად იყო პოპულარული მოზარდებში.
„სკოლაში სიარული რომ დავიწყე, ფეხბურთი არ იყო პოპულარული, სპორტი საერთოდ არ იყო პოპულარული ახალგაზრდა თაობაში, რადგან ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა, აინტერესებდათ უფრო კრიმინალური მენტალიტეტი.
მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში. სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, არ ვიყავი პოპულარული, ბევრი მეგობარი არ მყავდა. მართალი გითხრათ, უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი. ბუფეტში ვერ ჩავდიოდი, რადგან „კაი ბიჭები“ იდგნენ, ხურდას მთხოვდნენ და მათი მართლა მეშინოდა, პატარა ვიყავი.
ამ პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ სიტყვა ბულინგი არ ვიცოდი, ჩაგვრა თუ იყო. სახლში მეუბნებოდნენ, არავინ დაგჩაგროს, არ იტიროო. ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია და ჩვეულებრივად ვტიროდი – ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება, კაცმაც იტიროს“, – უთხრა გურამ კაშიამ ბავშვებს.
ფეხბურთელმა მათ მოუწოდა, ბულინგის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ახლობლებს.
„თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ, ვისაც ენდობით და მოუყვებით – დირექტორი, მასწავლებელი, თუნდაც მე. „ინსტაგრამზე“ შეგიძლიათ, მომნახოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ“, – მოუწოდა ფეხბურთელმა ბავშვებს.
ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს – მატჩი ამხანაგური ანგარიშით, 4:4 დასრულდა. თამაშის შემდეგ, მოსწავლეებმა გურამ კაშიასთან და “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.