პრორუსული და ძალადობის წამახალისებელი მოწოდებების მქონე პარტია “ალტ-ინფო” საქართველოს მასშტაბით ოფისების გახსნას აგრძელებს, თუმცა მას რამდენიმე რეგიონში ამის საშუალება არ მისცეს. მოხდება თუ არა იგივე ოზურგეთში, ჯერ არავინ იცის, თუმცა აშკარაა, ეს თემა დაპირისპირების მიზეზი ხდება.
დღეს ამ პარტიის ოფისის სარემონტო სამუშაოების კადრებს „TV პირველი“ ავრცელებდა. მათივე ცნობით, პარტიას ოზურგეთში ოფისის მოწესრიგებასა და ორგანიზებაში შემოქმედის ეპარქიის წევრი, მღვდელი ვახტანგ თოხაძე ეხმარება.
პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისი შუახევშიც დაუხურეს
როგორც ფართის მეპატრონე დავით დავითაძე აცხადებს, მას თავდაპირველად არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ.
„ყველა ეროვნულ ძალას ვეხმარებით, ვასაძესაც, თარხან-მოურავსაც, მაგ ბიჭებსაც ვეხმარები”, – ეუბნება ვახტანგ თოხაძე ტელეკომპანიას.
ამ საკითხს ასევე ტვ პირველთან შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ თუ მამა ვახტანგი „ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგება, მღვდლობა შეუჩერდება.
„თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, უკვე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ-ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”,- აცხადებს მიტროპოლიტი „TV პირველთან”.