ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი- „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო.
თუ გაქვთ მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20 ნომრიანი) განთავსების ობიექტი, იმერეთსა თუ გურიის რეგიონებში და გსურთ დაეუფლოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ჩაერთეთ „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში.
პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში, ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმის გამოყენებით.
პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება. პროექტში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოა.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გთავაზობთ:
პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკს, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას, ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ, სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.
➡ დაინტერესების შემთხვევაში, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828