LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ მენეჯერს ხელში მხოლოდ ჩაქუჩი ექნება, ის მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედებას შეძლებს, თუმცა რამდენად სწორად, ესეც საკითხავია” – FM ქოუჩი

12
tamunamachavariani20

რა აქცევს პროექტის მენეჯერს კარგ პროექტის მენეჯერად –  ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ სტარეტეგიული და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტმა თამუნა მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის პროექტის შედეგი და რატომ არის პროექტის მართვა გამოწვევებით სავსე საქმიანობა?

პროექტი, ეს არის დროებითი წამოწყება იმისათვის, რომ შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, მომსახურება და/ან  შედეგი, რაც როგორც წესი განვითარებას, გაუმჯობესებას და ზრდას ემსახურება.

ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად ჟღერს. ალბათ ფიქრობთ, რომ კომპანია, რომელშიც ხორციელდება პროექტი და მისი თანამშრომლები სულმოუთქმელად უნდა ელოდებოდნენ პროექტის შედეგს, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ პროექტის წარმატებისთვის. სინამდვილეში ასე არაა. ნებისმიერი პროექტი იწვევს ცვლილებებს. ცვლილებები თავის მხრივ აისახება ადამიანებზე. ადამიანებს კი როგორც წესი არ უყვართ ცვლილებები, ეშინიათ, რადგან ცვლილება ბუნდოვანებასთან და გაურკვევლობასთან ასოცირდება.

პრაქტიკაში ვერ იპოვით ორგანიზაციას, სადაც ცვლილებები საერთო შემართებით ხორციელდება. რაც უფრო ძველი და დიდია ორგანიზაცია, მით უფრო ნაკლებია ცვლილებებისადმი მიმღებლობა, რაც თავისთავად იწვევს პროექტის მართვისას პროექტის ჩართულ მხარეებს შორის კონფლიქტური / განსხვავებული ინტერესების არსებობას.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მართოს პროექტის გუნდის წევრების და ჩართული მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები?

პროექტს მართავს პროექტის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს პროექტის გუნდის მიერ პროექტის მიზნების მიღწევაზე პასუხისმგებელ პირს. პროექტის მენეჯერი – ეს არის ერთგვარი ცვლილების აგენტი, რომელიც პროექტის მიზანს გადააქცევს საკუთარ მიზნად, მიიღებს გამოწვევად და გამოიყენებს მთელს თავის ექსპერტიზასა და გამოცდილებას, რათა პროექტის გუნდთან ერთად მიაღწიოს წარმატებას, რაც ნიშნავს პროექტის დასრულებას დაგეგმილ დროში, დაგეგმილი ბიუჯეტითა და დაგეგმილი შინაარსით.

იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს წარმატებით, მასზე უნდა მუშაობდეს გუნდი, რომელიც პროექტის მიზნებს აყენებს საკუთარ მიზნებზე მაღლა.

აბრაამ მასლოუმ თქვა: „თუ ერთადერთი იარაღი, რომელიც ხელში გიჭირავს, არის ჩაქუჩი, მაშინ ყველას მიუდგები როგორც ლურსმანს“. იმისათვის კი, რომ ყველას მივუდგეთ განსხვავებულად, საჭიროა გვქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი, რომლის როლი გუნდების შედეგიანობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობაში უმნიშვნელოვანესია.

 რა არის ემოციური ინტელექტი?

ეს არის უნარი, შეიგრძნო, გაიაზრო, მართო და გამოიყენო ინფორმაციის და ემოციების ძალა, როგორც შენი ენერგიის, მოტივაციის, კავშირების და გავლენის უდიდესი წყარო.

არსებობს მოძველებული მიდგომა, რომელიც გვეუბნება, რომ საქმიანობისას უარი უნდა ვთქვათ ემოციებზე. მაგრამ ეს შეუძლებელია. ემოციები ყოველთვის და ყველგან არსებობს. არასოდეს არაფერი დიადი არ შექმნილა ემოციების ძალის გარეშე. თუ ჩვენ უგულველვჰყოფთ ინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდა ემოციამ, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, რამაც ჩვენი გადაწყვეტილება შესაძლებელია გახადოს არასწორი.

თავისთავად ემოციის ქონა არ შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი. ემოცია არის ინფორმაცია რომელსაც ვიღებთ, ხოლო ემოციის საპასუხოდ ჩვენი ქმედებები კი შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი. ცუდი ან კარგი როგორც ჩვენთვის, ასევე სხვისთვისაც.

ემოციური ინტელექტი სწორად რომ შესაძლებლობაა, წინასწარგანზრახულად ვმართოთ ჩვენი ემოციები იმგვარად, რომ ისინი ჩვენთვის გამოსადეგი იყოს პროფესიულად და პიროვნულად. ემოციების მართვა არ ნიშნავს რომ ვიყოთ ყველასთვის „საყვარელი“ ადამიანი. ემოციების მართვა ნიშნავს ვიყოთ ავთენტური და დავიკმაყოფილოთ ჩვენი უნიკალური, იდენტიფიცირებული საჭიროებები, მაშინ, როდესაც ვეხმარებით სხვებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და დაკმაყოფილებაში.

იმისათვის რომ ვიაზროვნოთ კარგად და ვიყოთ კონკურენტუნარიანი, საჭიროა გვქონდეს კარგი ემოციური ინტელექტი. პროექტის მენეჯერმა პროექტის მიმდინარეობისას უნდა მართოს და აკონტროლოს არამხოლოდ ტექნიკური პროცესები, არამედ გუნდის წევრების ემოციური მდგომარეობაც. როდესაც ადამიანები მუშაობენ ერთ გუნდად, შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ გარემოში, ემოციური ინტელექტი წარმოადენს ლიდერის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რათა მან შეძლოს პროექტის დაგეგმილ დროში, დაგეგმილი ბიუჯეტით და შინაარსით შესრულება.

 რა აქცევს პროექტის მენეჯერს კარგ პროექტის მენეჯერად?

სულ მიდის მსჯელობა, თუ რა აქცევს პროექტის მენეჯერს საუკეთესო პროექტის მენეჯერად – ტექნიკური თუ ე.წ. პიროვნული უნარები.

არავინ დავობს, რომ ტექნიკური ცოდნა, მეთოდოლოგიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი განხორციელებული პროექტები პროექტის მართვის ფორმალური ცოდნის შეძენამდე და შეძენის მერე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან ეფექტიანობით, როგორც ცა და დედამიწას.

თუმცა, რაც არ უნდა კარგი ტექნიკური უნარები შეიძინოთ, რაც არ უნდა კარგად ფლობდეთ პროექტის მართვის ტექნიკებს, თუ თქვენ ემოციური ინტელექტი არ გაქვთ განვითარებული სათანადო დონეზე, მაშინ ვერც საკუთარი თავისა და ემოციების მართვას შეძლებთ და ვერც სხვისას.

პროექტის მენეჯერს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მენეჯერს, კარგ მენეჯერად აქცევს როგორც ტექნიკური, ასევე პიროვნული უნარების განვითარება და გამოყენება. თეორიულად მეტად წარმოსადგენია, რომ ძლიერი პიროვნული უნარების მქონე ადამიანმა მართოს ნაკლები ტექნიკური ცოდნითა და წარმატებით. თუმცა სრულიად წარმოუდგენელია მენეჯერი სუსტი პიროვნული უნარებით.

მენეჯერის უპირველესი როლი არის მართვა – პროცესების და ადამიანების. მაგრამ თუ მენეჯერს ხელში მხოლოდ ჩაქუჩი ექნება, ის მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედებას შეძლებს, თუმცა რამდენად სწორად, ესეც საკითხავია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g