რადიოლოგი ბადრი შარიქაძე დღეს ყველასთვის ცნობილი ექიმია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ორსული იცნობს. მასთან ვიზიტის დაგეგმვა საკმაოდ რთულია, რადგან უამრავი პაციენტი ჰყავს. ბადრი შარიქაძე თითქმის არ კონტაქტობს მედიასთან, ამიტომ ყოველი მისი გამოჩენა და ინტერვიუ ძალიან საინტერესოა. ამჯერად ცნობილი რადიოლოგი mshoblebi.ge -ს ესაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის რადიოლოგიური კვლევა სხვადასხვა ვადაზე. დასმულ კითხვაზე, რამდენად სწორია 12 კვირის ვადაზე პაციენტისთვის სქესის გამხელა, ბადრი შარიქაძე პასუხობს:
ჩემი ვალია მშობელს მივაწოდო სწორი ინფორმაცია, გადაწყვეტილება კი თვითონ უნდა მიიღოს. ვუხსნი დეტალურად, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და მომავალში რა გართულება მოჰყვება, დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოს. ყველა სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებას იღებს, ყოფილა შემთხვევა, როცა ტვინის ქალის ძვლები არ ჰქონია ნაყოფს და ტვინი განუვითარებელი იყო, ბავშვი ჯანმრთელი ვერ იქნებოდა, მაგრამ დედას მიუღია გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად გაეგრძელებინა ორსულობა. ამის ფონზე მქონია ისეთ შემთხვევებიც, რომ სქესის გამო შეიძლება ჯანმრთელი ბავშვი მოიშოროს მშობელმა. ჩემი ამოცანა, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდო მშობლებს, რადგან თითოეული ბავშვის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მას უნდა გავუფრთხილდეთ.
რაც შეეხება სქესს, ვინც ამ მიზნით მოდის, არ ვსინჯავთ საერთოდ. თუ მხოლოდ სქესი აინტერესებს ამ ვადაზე, ასეთ პაციენტს არ ვიღებ. როცა ვიცი, რომ პირველ ბავშვს აჩენს, ან ორსულობა დაგეგმილია, ამ შემთხვევაში ვეუბნები სქესს, მე-12 კვირაზე ისედაც ვარაუდით ვამბობთ სქესს, თუმცა თუ სქესი გადამწყვეტია, არ ვსინჯავთ.
