“ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს იარაღად რჩება. კოვიდვაქცინას შეუძლია შეაჩეროს ვირუსის გავრცელება და აღმოფხვრას პოტენციურად საშიში ვარიანტები.” – აცხადებს კვლავ აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი და აქვე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოჩნდეს კოვიდ-19-ის “მონსტრი” ვარიანტი.
თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თუ პანდემია მასობრივი ვაქცინაციით არ ამოიწურება, ახალმა “მონსტრმა” ვარიანტმა შეიძლება დელტა შტამი საბავშვო თამაშად აქციოს.
“ჩვენ ახლა უნდა ავცრათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი მუტანტი ვარიანტი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას და რომელმაც შესაძლოა “დელტა” შტამი შედარებით სუსტად აქციოს.
ყოველთვის არსებობს რისკი – რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი საზოგადოებაში და გროვდება ახალი მუტაციების საკმარის რაოდენობას, მასში აღმოჩნდება ვარიანტი, რომელიც არსებითად განსხვავებული იქნება მათგან, რასაც ახლა ვხედავთ.” – განაცხადა ფაუჩიმ MSNBC’S “Morning Joe” show-ში.
ჯანდაცვის ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი ვარიანტები შესაძლოა რეზისტენტული იყოს იმ ვაქცინების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე ეფექტიანი აღმოჩნდა ვირუსული დელტა ვარიანტისგან დაცვის მხრივაც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებულები არიან ვაქცინებისადმი მოქალაქეების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობით. ათეულობით მილიონი ამერიკელი ვაქცინის გაკეთებაზე, ჯერჯერობით, კვლავ უარს ამბობს.
აშშ -ის პრეზიდენტმა და ადმინისტრაციამ პანდემიის შესაკავებლად და იმუნიზაციის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად ახალი, აგრესიული პოლიტიკა წამოიწყო, მაგალითად:
ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
აშშ-ის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ
ლოს-ანჯელესში 12 წელს ზემოთ მყოფი მოსწავლეების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
აშშ-ში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 დოლარამდე იზრდება