უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკია“.
მისივე განმარტებით, „ცრუ ბრალდებები სააკაშვილის გულშემატკივრობით არის მოტივირებული“.
ჩიხლაძე: ივანიშვილს, კობახიძეებს და ღარიბაშვილებს ყველაზე მეტად სტკივათ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე
„გამოდის, რომ თავს უნდა დაგვესხას, უმძიმესი ბრალდებები წამოაყენოს და შემდეგ გაგვაკრიტიკოს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხს ვითხოვთ. არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რაიმე ბრალდება წამოაყენოს, თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში მაგალითად, პოდოლიაკი, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. როცა არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, შემდეგ ნუღარ უკვირს, რომ მიიღებს მკაცრ პასუხს, მით უმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და რბილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმსახურებდა ასეთი განცხადებები. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს. პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, რეალურად როგორც ჩანს, მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით და არაფრით სხვით. სასჯელი აქვს დაკისრებული ბატონ სააკაშვილს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთაზე, რაზეც არ მგონია დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე ორი აზრი არსებობდეს. მკურნალობის საკითხს რაც შეეხება, თუკი ვინმე იტყვის, რომ მკურნალობის ისეთი სერვისი სჭირდება, რომლის მიწოდებაც საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
