ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ტურიკა კარგად იქნება.
ბოლოს და ბოლოს ეგეთები გადაუტანია?!
მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ, ვინც საკუთარი ცხოვრება სხვისი ცხოვრების გაშავებაში დაახურდავეთ;
მიუსხდებით კლავიატურებს, გახსნით პროფილებს (რომლებსაც ზოგჯერ არარსებული ადამიანების სახელები აქვთ) და მიდიხართ ჯამთან, რომელშიც თქვენი პატრონები სხვა ადამიანების სალანძღავ წინადადებებსა და გზავნილებს სალაფავივით გისხამენ.
ტურიკას დიდი გული აქვს და იმდენ სიკეთეს იტევს, მთელი სატროლბოტეთის საგვარეულოს ზმანებაშიც რომ არ ეღირსება. სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვა შეუძლია. ამიტომაცაა დაუმარცხებელი.
მისთვის შავ-ბნელი ამბების შემთხზველებისთვის კი ვერ მაქვს კარგი ამბავი: თქვენ სავსე კი არა, საკუთარი ცხოვრებითაც არ ცხოვრობთ. ამიტომაც აუცილებლად დამარცხდებით”, – წერს დათო გორგილაძე.
დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.
მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო.
გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.