მწერალ დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
მისი თქმით, დათო ტურაშვილი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.
მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.
„ფორმულას“ ეთერიდან, გადაცემა “მე-17 სართულად”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ გავიმეორებ, რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.
ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას“. – წერს ანაკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.
მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო.
გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.