2025 წლისთვის საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდება. ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები კი 5,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის მიერ შექმნილი დარგის განვითარების სტრატეგიაში განსაზღვრულია, რომ 2025 წლამდე, ყოველწლიურად 7%-ით გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი. გარდა ამისა, იგეგმება თითო ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის გაზრდა 320 აშშ დოლარიდან 500 დოლარამდე. ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ ოთხიდან ხუთ დღემდე გაიზრდება ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობაც.
სტრატეგია ტურიზმში დასაქმებულთა ზრდასაც ითვალიწინებს. გეგმის მიხედვით, ტურიზმში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 2025 წელს 333 ათასს გადააჭარბებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავეს, რომელიც მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მომზადდა. სტრატეგია 10- წლიან გეგმას მოიცავს და ის ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობისა და მნიშვვნელობის ასამაღლებლად გასატარებელ ღონისძიებებს ასახავს.
