ტურიზმის ინდუსტრია აქციას აანონსებს. „შაბათს, 3 საათზე კანცელარიასთან. ქვეყანა უნდა გაიხსნას. მგონი, ბევრნი ვიქნებით“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი წერს. ის მთავრობის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული შეხვედრებით უკმაყოფილოა.
„საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან 4,5-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა“ – ამის შესახებ შალვა ალავერდაშვილმა 2 დღის წინ, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე არ იყო კერძო სექტორის არცერთი არგუმენტი გაზიარებული.
,,არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მოლაპარაკების შემდეგ, კრება დარჩა მხიარული. არ შევთანხმებულვართ არაფერზე არც ჩვენ და არც სხვა ბიზნესის წარმომადგნელი. ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც მთის კურორტები არიან, რომლებსაც მთელი სეზონი უწევთ, რომ იყვნენ დაკეტილი“, – ამბობს ალავერდაშვილი. მისივე თქმით, მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება.