პარლამენტის ყოფილმა წევრი „ქართული ოცნებიდან“ სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2015 წელს, მის საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ამის შესახებ ჯაჭვლიანმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
ჯაჭვლიანი იმედს გამოთქვამს, რომ მის განცხადებას დაადასტურებს ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ლუკა კურტანიძე. მანვე აღნიშნა, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად.
„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი და იქ ვცხოვრობდით. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა, რომ დაიქირაო და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ…
დილით დგება ლუკა და მეძახის, მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში, იმ სახლში, რომელიც მე მქონდა ნაქირავები. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხელისუფლების დამონტაჟებული იყო? ჯაჭვლიანი ასე პასუხობს:
„არ ვიცი ვისი დამონტაჟებული იყო, აბა ვინ დაამონტაჟებდა?! შეიძლება „ნაციონალების“ დამონტაჟებული იყო არა?! ყველაფერი შეიძლება“, – თქვა ჯაჭვლიანმა.