„ეკონომიკური ზრდა არაა საკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ კეთილდღეობას. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა არა უბრალოდ ზრდისთვის, არამედ – სიღარიბის დაძლევისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კოჯორში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე – „ეკონომიკა 2030“.
მისივე თქმით, 2012 წლამდე, ქვეყანას ჰქონდა პერიოდები, როდესაც ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნაც ზრდაც შეინიშნებოდა, თუმცა, ეს არ აისახებოდა სიღარიბის მაჩვენებლის კლებაზე.
„მაგალითად, 2007 წელს იყო თითქმის 13-წლიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, ამავდროულად, ასოცირდებოდა რეკორდულად მაღალ უკიდურეს სიღარიბის დონესთან. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა იყო მაღალი, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 40% იყო. ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკის წყალობით, როდესაც ჩვენ ეკონომიკური ზრდის სიკეთეს საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით, ვანაწილებთ სწორედ იმ ჯგუფებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივი წარმოების წახალისების პოლიტიკა. მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად, რომელიც ყველაზე დიდ სიკეთეს ქმნის ოჯახებისა და ცალკეული ადამიანებისთვის, ჩვენ მოვახერხეთ და გავანახევრეთ სიღარიბის მაჩვენებელი. 2019 წელს, ეს იყო დაახლოებით 19%, რაც იმის ნახევარია, რაც გვქონდა, თუნდაც, 2007 წელს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი მაჩვენებელი. პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 180 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მისი უწყების მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება. როგორც თურნავა განმარტავს, მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის განვითარებით აპირებს.
„ადგილობრივი, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. ბოლო წლებში, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოებინა და ჩვენი, ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ჩვენი ექსპორტიორებისთვის მეტი გასაქანი მიგვეცა. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%-ია. ყოველდღიურად ვმუშაობთ კონკრეტულ ქვეყნებთან – დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ინდოეთთან, აშშ-თან, რათა 2025 წლისთვის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წლისთვის – სულ მცირე 57 ქვეყანასთან გვქონდეს. ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%. შედეგად, ჩვენი წარმოება გლობალურად იქნება კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
