შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. ხოლო გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა ბარში ჩამოიყვანა.
როგორც სამინსტროში აცხადებენ, ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.