LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუთის სურნელი“ – წიგნის ფურცლებსა და აქსესუარებში გაცოცხლებული ემოციები

190
ირინა მელქაძე

ჩვენს დროში იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც მრავალ სფეროში ერთდროულად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. სწორედ ასეთ გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს ირინა მელქაძე, რომელიც არა მხოლოდ ქალაქ რუსთვის მე-16 საჯაროს სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებს წარმატებით, არამედ არის წიგნის ავტორი და საკუთარ ტექსტებზე დაყრდნობით აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის დამფუძნებელი. მისი ყოველი ნაბიჯი მოტივაციას აძლევს როგორც ახალგაზრდებს, ისე მოზრდილებს, რომ ფანტაზიითა და გულმოდგინებით ყველაფერია შესაძლებელი.

ირინა მელქაძე, მწერალი და ბრენდის „თუთის სურნელი“ დამფუძნებელი:

– ლიტერატურით ბავშვობიდან გახლდით გატაცებული, ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი მასწავლებელიც მყავდა, რომელმაც მხოლოდ გამიმძაფრა დამოკიდებულება განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურის მიმართ. თან მე 90-იანების ბავშვი ვარ, მაშინ ჩვენი სამყარო არ იყო ასეთი ტექნოკრატიული, შესაბამისად, მეტწილად წიგნთან ვკომუნიცირებდი. სწორედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულმა და მოსმენილი ამბების საინტერესოდ ინტერპრეტირების უნარმა ამაღებინა ხელში კალამი. გარდა ამისა, როდესაც ადამიანს ცხოვრებაში ბევრი ქარტეხილი აქვს გამოვლილი და დღეს უკვე ჩემი ასაკიც მიწყობს ხელს ვთქვა, რომ საინტერესო ამბებით ვარ გარემოცული, თამამად გავუზიარე მკითხველს ნაფიქრ-განცდილი. „თუთის სურნელი“ პანდემიის დროს დავწერეთ (მრავლობითში ვამბობ იმიტომ, რომ შემოქმედებით პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი), ანუ იმ დროს, როდესაც ყველაფერი გაჩერდა და ადამიანები საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ჩავუღრმავდით. თავს მწერალს არ ვუწოდებ, უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ წიგნის მეშვეობით საზოგადოებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა.

რაც შეეხება რომანის სახელწოდებას, თუთა ბევრისთვის ბავშვობასთან და ზაფხულში ხეზე ძრომიალის დაუოკებელ სურვილთან ასოცირდება, ზოგისთვის მას საკრალური მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის კი მასთან დაკავშირებული სურნელი აღმოჩნდა სიმბოლური. იმ პერიოდში, როდესაც წიგნი იწერებოდა, შემოქმედებითი პროცესის თანმდევი ერთ-ერთი ბრენდის სუნამოს სურნელი აღმოჩნდა. სუნამოს „თუთის ყვავილი“ ერქვა. გადაწყდა, რომ რომანის სახელწოდებას კავშირი ჰქონოდა მასთან, თუმცა რადგანაც ყვავილი ჭკნება ხოლმე, გადავწყვიტე, თუთის სურნელი მკითხველისთვის სიყვარულის სურნელთან ასოცირებულიყო.

– როგორ გაჩნდა საკუთარი რომანის პოპულარიზაციის მიზნით შემამკობლების მწარმოებელი ბრენდის დაფუძნების იდეა?

– საკუთარი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე ადამიანთა ისეთ ჯგუფთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც, საშუალო სტატისტიკურით მაინც, ლიტერატურის, წიგნის სიყვარულის დეფიციტით ხასიათდება. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი გრძნობა-ემოციებით შექმნილი ამბის პოპულარიზაციისთვის სათანადო პლატფორმა შემექმნა. გარდა იმისა, რომ თანამედროვე მომხმარებლების ინტერესები შევისწავლე, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაც მოვიშველიე და წიგნის გარკვეული ასპექტები თვალსაჩინოებად ვაქციე. თავდაპირველად, წიგნის მეორე რედაქციას თამარ კაცაძის ნახატები დავუმატე (თამარი დღეს ჩემი გუნდის წევრია), რათა წიგნი ვიზუალურადაც ყოფილიყო მიმზიდველი, შემდეგ კი წიგნიდან ყველა გრძნობით მომენტზე შევქმენით ისეთი ნივთები, რომლებიც დღეს აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, დღიურები, ყელსახვევები (რომლებზეც გადმოტანილი გვაქვს ნახატები წიგნიდან), ნაჭრის ჩანთები და სხვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სამაგიდო თამაში, რომელიც ასევე „თუთის სურნელის“ მოტივებზე შეიქმნა და რომელიც გაბრუნებთ იმ დროში, როცა თამაში „ფლირტი“ პოპულარული იყო. სწორედ „ფლირტის“ ფორმატით შეიქმნა 30 ბარათი, თითოეულს აქვს QR კოდი, რომელიც თამაშის წესებისა და თამაშის მიზნის გაგების საშუალებას იძლევა – ის ემოციური ინტელექტისა და სოციალური ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული. ბარათები მოთავსებულია ხავერდის ტომსიკაში, რათა ძველი თამაშისთვის ავთენტურობა არ დაგვეკარგა. თამაშში ჩართულია 2-დან 6 ადამიანამდე. აღნიშნული სამაგიდო თამაშისა და ჩვენი აქსესუარების შეძენა უკვე შესაძლებელია სოციალურ ქსელებში არსებული ჩვენი გვერდებიდან.

– აუცილებლად ვისაუბროთ იმ საგანმანათლებლო ცენტრზეც, რომლის გახსნისკენ, ისევ და ისევ, „თუთის სურნელმა“ გიბიძგათ.

– ერთი აუცილებელი პრინციპი არსებობს ცხოვრებაში, რასაც დავაკვირდი და რისი გატარებაც დავიწყე (არ გამოვიგონე არაფერი ახალი, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც ვიცი) – თუკი ჩემი წარსული გამოცდილებიდან შემიძლია ავიღო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, თანამედროვეობაში ის გავამრავლო კიდევ სამზე, მომავალში ცხრას მივიღებ. აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, სასექტემბროდ, ქალაქ რუსთავში ინოვაციური საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ცენტრის გახსნისთვის ვემზადები, რომელსაც „თუთArt“ ერქმევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g