„ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე რაც მოხდა, იყო გადაცმული არშემდგარი სპორტსმენების მიერ, – აღნიშნულის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შსს არ მართავს და „ცალკე დირიჟორი ჰყავთ“.
„კრიმინალები, ე.წ. მეტადონშიკები, ე.წ. ძველი ბიჭები, მინდა ვიყო ძველი ბიჭები, მათ ძირითადად იყენებენ არჩევნების დროს, რაც შეეხება არშემდგარ სპორტსმენებს, რომლებიც თვლიან რომ სპორტსმენები არიან, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს, ასეთი ხალხი ნამდვილად არიან.
თქვენს ჟურნალისტზე და ოპერატორზე რაც მოხდა, იყო არა პოლიცია, არამედ ეგენი იყვნენ სწორედ ეს ადამიანები, ისინი შესაძლოა, გაფორმებულები იყვნენ თბილისის მერიის სხვადასხვა სიპებში, მათ მიერ დაარსებულ დაცვის კომპანიებში.
გარდა იმის, რომ მათ აქვთ მუდმივი შემოსავალი, მსგავსი სიტუაციების დროს არის ყოველდღიური თანხა. ამას შსს არ მართავს, ამათ ცალკე დირიჟორი ჰყავთ. ესენი იმდენად გაუნათლებლები არიან, წარმოდგენა არ აქვთ როგორ დაგეგმონ და მართონ“, – ამბობს შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
ინფორმაციისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე. შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ.