LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ, ძალიან ცუდად არის“ – რას ამბობს აქციაზე დაშავებულის მეუღლე

705
ფორტუნა - 2023-03-10T154243.476

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ „პუბლიკას“ განუცხადა.

როგორც მაია გორგოშიძე ამბობს, დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს – დაშავდა შსს-ის 58 თანამშრომელი: კუპატაძე

მაია გორგოშიძის განცხადებითვე, მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო, მძიმედ დაშავდა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ, აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში“, – აცხადებს მაია გორგოშიძე.

მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი გამოწერეს. ამასთან, როგორც ის ამბობს, ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ხელშეკრულება გააფორმეს, რომ თანხას ერთ თვეში დაფარავენ.

„სავარაუდოდ, გამგეობაში შევიტან განცხადებას თანხის მოთხოვნაზე. საყოველთაო დაზღვევამ დაფარა ნაწილი, ამ წუთში არ მქონდა რომ სრულად გადამეხადა, წამლებიც მჭირდება სახლში რომ წავალთ, დამატებით ექიმის კონსულტაცია გვჭირდება“, – უთხრა „პუბლიკას“ მაია გორგოშიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

დღეს კი, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

„ტექნიკური პრობლემა“ იყო – სამხარაძეს ამბობს, რომ კანონისთვის მხარი არ დაუჭერია

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა.

„ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა.. ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“ – კობახიძე

ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.

 

პოპულალურები