LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს – კახა კალაძე

564
tverelkis eklesia

ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არანაირ კორპუსებზე საუბარი არ არის. ეს არის ორ-სამ სართულიანი ტერასული ტიპის სახლები. კოეფიციენტის მატება არ არის და ყველაზე მთავარი ისაა, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი. თავიდან, როდესაც ვნახე მიმდინარე სამუშაოები, მეც გამიჩნდა ეჭვი და დავინტერესდი, რასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 8 მარტის ქუჩაზე ადრე ბარაკები იყო და ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

„დღეს ელემენტარულად მათი პირობების გაუმჯობესება ხდება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 26 მარტს სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც თბილისში, ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარეობს, “ტფილისის ჰამქარი” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტაძარს ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს და ტერიტორია თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში შედის.

“რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმიდინარეობს სრულიად “კანონიერი” სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია! სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ!
ეს ე.წ. კანონიერი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!
შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას,” – აღნიშნულია განცხადებაში.