ჰემპშირის საგრაფოში მცხოვრებმა 48 წლის ამანდა ჯონსტონმა საკუთარ ეზოში 500 წლის წინ დამზადებული უნიკალური მონეტა იპოვა.
ამანდა უკვე რამდენიმე კვირაა რაც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება და ძალიან მოიწყინა. ყველა გასართობის ამოწურვის შემდეგ, მარტოხელა დედამ 11 წლის ვაჟის მეტალის დეტექტორი აიღო და ეზოში გაიარ–გამოიარა. „სახლში ჯდომამ ძალიან დამღალა და მინდოდა მენახა თუკი შევძლებდი რაიმე საინტერესოს პოვნას. თავიდან მხოლოდ გამოუსადეგარ ნივთებს ვაწყდებოდი, მაგრამ არ დავნებდი.“ აცხადებს ამანდა, – „ცოტა ხანში დეტექტორმა უცნაური ხმა გამოსცა და მიწაში ოქროსფერი ნივთი ვიპოვე“.
ამანდა ორ ვაჟს – 23 წლის ბრედლის და 11 წლის ჯორჯს ზრდის. დეტექტორი ჯორჯის საშობაო საჩუქარი იყო, თუმცა ბიჭუნამ ინტერესი მალევე დაკარგა და სათამაშოს არსებობა პანდემიამდე არავის გახსენებია.
ნაპოვნი განძი ჰენრი VII მმართველობის დროსაა მოჭრილი. 22 კარატიანი მონეტა მოხმარებაში 1464 წლიდან ჩაეშვა და 200 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. მისი ნომინალი თავის დროზე თითქმის 7 შილინგი იყო.
ბრიტანული კანონის მიხედვით, განძის მაძიებელი ვალდებული არ არის ნაპოვნი ნივთი დაარეგისტრიროს იმ შემთხვევაში, თუკი საუბარი მხოლოდ ერთ მონეტაზეა. თანაც ამანდამ რელიქვია საკუთარ მიწაზე იპოვა, ამიტომ მასზე პრეტენზია ვერავის ექნება.
გაყიდის თუ არა მონეტას, მის კანონიერ მფლობელს ჯერ არ გადაუწყვეტია:
„ძალიან მინდა, რომ მონეტა სამახსოვროდ შევინახო, თუმცა მისი ღირებულება ათასობით ფუნტი სტერლინგია და ეს ციფრი ძალიან მიმზიდველია.“
აღსანიშნავია, რომ ამანდას ეზოში შეიძლება უფრო მეტი მონეტაც იყოს გადამალული და სანამ კორონავირუსი დასრულდება, ოჯახი ალბათ ამ მოსაზრებასაც გადაამოწმებს.