„ტევეპირველის“ ჟურნალისტი, ანუნა ახალაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას და მასთან კომენტარის ჩაწერას ელოდებოდა. ის სოციალურ ქსელში ეხმაურება კრიტიკას, რომელიც ჟურნალისტების ქცევას მოჰყვა მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა.
გთავაზობთ ანუნას პოსტს სრულად:
„დიახ, ჟურნალისტები ცუდად მოვიქეცით და დიახ, ცუდი სანახავი იყო ის, რაც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან მოხდა მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე და შევეცდები, ავხსნა. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ თუ ერთხელაც არ ხარ ნამყოფი გადაღებაზე და არ გიმუშავია რეპორტიორად, ვერასდროს მიხვდები, რა ხდება რეალურად ( ეს მათთვის, ვინც თბილი ოფისებიდან გვლანძღავს).
წარმოიდგინეთ, ვდგავართ ციხის კიბეებთან 5 ჟურნალისტი და ვემზადებით ჩართვისთვის. მოულოდნელად გამოდის მერაბიშვილი, ჩემი კოლეგა ადის კიბეებზე ინტერვიუს ასაღებად, მიჰყვება ჩემი მეორე კოლეგა, მეც ვალდებული ვარ, გავყვე. არ ავალ? მასალა არ მექნება ეთერში. პრობლემაა ის, რომ შეთანხმების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი არ ვეცით და იმის სურვილით, რომ ვიღაცას პირველი ინტერვიუ აეღო, ეს შეთანხმება დაირღვა, რაც იძულებულს გხდის, მოგწონს თუ არა, მუშაობის ეს ფორმა ასე აირჩიო!
ვინმეს თუ ჰგონია, რომელიმე დღეს იქ მდგომ ჟურნალისტს სიამოვნებს ვიღაცის ფეხი თავზე, ვიღაცის კამერა ნახევრად შენს მხრებზე, ან ის, რომ ამ ალიაქოთში ყველა მხრიდან გექაჩებიან და არც იცი, ვერ იგებ, ვინ გექაჩება. რატო გაწვება. ძააან ცდებით. განა ჩვენთვის არ არის რთული ასეთ დროს მუშაობა. როცა ფეხზე გაბიჯებენ, როცა უნდა იომო იმისთვის .რომ მიკროფონი რესპონდენტამდე მოხვდეს და ამის პარალელურად შეინარჩუნო სიმშვიდე და იყო ხაზზე საეთეროსთან. იმდენად არაკომფორტულად იდგე, სუნთქვაც კი გიჭირდეს, მაგრამ ვალდებული იყო, ისაუბრო, რადგან ეთერში ხარ. არავის ვამართლებ, არც ჩემს თავს, არც ჩემს კოლეგებს და არც იმ სანახაობას, რაც დღეს იყო, მაგრამ ლანძღვა არ მგონია სწორი. რა არის გამოსავალი? ერთმანეთის პატივისცემა და შეთანხმების არდარღვევა. სხვანაირად არ გამოვა“.