LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს..“ – სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღევანდელ ბიუროზე დაინიცირდება

271
fot (1)

სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღევანდელ ბიუროზე დაინიცირდება. მთავრობის ინიციატივა სუროგაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდის ნებადართულს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამჟამად მოქმედ კანონში ბევრი რისკებია, ხოლო ცვლილებებით საქართველოში კანონი ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდება.

როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, „არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს“. მისივე თქმით, დაწესებულებები შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის ლიცენზირებას დაექვემდებარება. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

„ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული“ – პრემიერი

„დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არ არსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.

„ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება როგორც ეთიკური, ისე – სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები