ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. მოგზაურ ინფლუენსერ ბლოგერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს გარშემო მოგზაურობენ და თავიანთ მილიონიან აუდიტორიას სოციალური ქსელების მეშვეობით საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.
20-მდე ქვეყნის, მათ შორის ავტრალიის, კანადის, მექსიკის, ფილიპინების, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მოგზაური ბლოგერები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, USAID-ის თანადაფინანსებითა და საერთაშორისო პლატფორმა „სტელერის“ ხელშეწყობით ორგანიზებული ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურისტული ბიზნესის აღდგენა საქართველოში. ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ არხს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო და მასშტაბური საშუალებაა, რომ საქართველოს უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია მივაწვდინოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ტურისტებს. ეს ადამიანები ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, მოიარეს ყველა კუთხე და რა თქმა უნდა, თავის ბლოგებში დაწერენ საქართველოს შესახებ, აღწერენ ჩვენს ღირშესანიშნაობებს, ჩვენს სამზარეულოს, მდიდარ ტრადიციებს, ბუნებას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებს, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი და მიმზიდველია ტურისტებისთვის, რომლებიც ახალ, უნიკალურ ადგილებს ეძებენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ბლოგერებს იმდენად მოეწონათ საქართველო და აღფრთოვანდნენ, რომ ორკვირიანი ტურის დასრულების შემდეგ ზოგიერთი მათგანი თავისი ინიციატივით დარჩა საქართველოში და აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენას.