„თეთრი სახლი“ უკვე კარგა ხანია მიიჩნევა პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის საცხოვრებლად. ისტორიულ რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ერთი შეხედვით, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? თუმცა, როგორც „თეთრი სახლის“ ყოფილი ბინადრები გვამცნობენ, მასში ცხოვრებას თან არაერთი უხერხულობა ახლავს. და მაინც, რა არ ვიცით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შენობაზე?
11 ფაქტი ჯო ბაიდენის შესახებ, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით
თეთრი სახლის არქიტექტორი ირლანდიელი იყო
შენობის პროექტი ირლანდიელ არქიტექტორს, ჯეიმს ჰობანს ეკუთვნოდა.
მას ყოველთვის არ ერქვა „თეთრი სახლი“
შენობას თავიდან „აღმასრულებელი რეზიდენცია“ ერქვა, „თეთრი სახლი“ კი მას 1901 წლიდან ეწოდება მას შემდეგ, რაც ტედი რუზველტმა გადაწყვიტა, რომ რეზიდენციები შტატების გუბერნატორებსაც ჰქონდათ, პრეზიდენტის სამყოფელს კი რამე განსხვავებული ტიტული ეკუთვნოდა.
ჯორჯ ვაშინგტონს „თეთრ სახლში“ არასოდეს უცხოვრია
მიუხედავად იმისა, რომ „თეთრი სახლის“ მშენებლობა სწორედ ვაშინგტონის ბრძანებით დაიწყო და აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა ადგილიც თავად შეარჩია, მისი საპრეზიდენტო ვადა მშენებლობის დასრულებამდე 3 წლით ადრე ამოიწურა. „თეთრი სახლის“ პირველი ბინადარი აშშ-ის მეორე პრეზიდენტი, ჯონ ადამსი იყო.
ახალი პრეზიდენტის ნივთების „თეთრ სახლში“ გადასატანად შესაბამის სამსახურს მხოლოდ 5 საათი აქვს…
ახალ სახლში გადასვლასთან დაკავშირებული აბარგება ალბათ არავის უყვარს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტებისათვის ეს დღე გაცილებით სტრესულია, ვიდრე ჩვენთვის. იგივე ითქმის იმ სამსახურის წარმომადგენლებზეც, რომლებსაც „თეთრი სახლიდან“ ძველი პრეზიდენტის პირადი ნივთების გატანა და ახალი პრეზიდენტის დაბინავება ევალებათ. მათ ამისთვის მხოლოდ 5 საათი აქვთ.
„თეთრ სახლში“ პრეზიდენტისათვის უფასო არაფერია…
ოთახის გარდა. პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ქირას არ იხდიან, თუმცა ეს ერთადერთი გამონაკლისია. ქვეყნის პირველი ოჯახი იხდის ყველა სხვა გადასახადს, მათ შორის საკვების, პირადი მოხმარების ნივთების და ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.
თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე „თეთრ სახლში“ ელექტროენერგია არ იყო
პრეზიდენტის რეზიდენცია გაზით 1891 წლამდე იყო განათებული.
ოვალური ოფისის იდეა ჯორჯ ვაშინგტონს ეკუთვნოდა
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პირველ პრეზიდენტს „თეთრ სახლში“ არასოდეს უცხოვრია, ოვალური ოფისის ფორმა სწორედ მისი იდეა იყო. ვაშინგტონს საკუთარი სახლის მსგავსად, რეზიდენციაშიც სურდა წვეულებებისა და ოფიციალური მიღებებისათვის სპეციალური ოთახი ჰქონოდა. ოვალური ოფისი პირველად ჯორჯ ვაშინგტონის გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ, 1909 წელს გამოიყენეს.
„თეთრ სახლს“ პრეზიდენტის ოჯახისათვის პირადი შესასვლელი არ აქვს
მიუხედავად იმისა, რომ „თეთრ სახლს“ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული საიდუმლო ვიზიტორებისათვის საიდუმლო შესასვლელი აქვს, პრეზიდენტის ოჯახის წევრები მისით სულაც არ სარგებლობენ. შენობაში მოსახვედრად ან მის დასატოვებლად ისინი სხვების მსგავსად, მთავარ შესასვლელს იყენებენ.
„თეთრ სახლში“ ფანჯრების გაღება აკრძალულია
ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ისაუბრა. მისი თქმით, ქმრის პრეზიდენტობის განმავლობაში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიძნელე სწორედ ის იყო, რომ არ შეეძლო ძილის წინ ფანჯარა გაეღო და ოთახი გაენიავებინა. აკრძალვის მიზეზი რასაკვირველია უსაფრთხოებაა…
შენობას აღარც ორიგინალური ფორმა შემორჩა და არც პირვანდელი ავეჯი
ეს კი ბრიტანელების დამსახურებაა, რომლებმაც 1814 წელს „თეთრი სახლი“ დაწვეს. შენობა მოგვიანებით ისევ ჯეიმს ჰობანმა აღადგინა, თუმცა ავეჯის დაბრუნება, რასაკვირველია შეუძლებელი იყო.
„თეთრ სახლში“ მხოლოდ ამერიკულ ღვინოს მოგართმევენ
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ოჯახს ნებისმიერი სხვა სასმლის მიღება შეუძლია, უცხოური ღვინოები გამონაკლისია. „თეთრ სახლში“ მხოლოდ ამერიკაში წარმოებული ღვინოები აქვთ, რომლებიც ძირითადად აიდაჰოში, კალიფორნიასა და ვირჯინიაშია ჩამოსხმული. ფრანგული ღვინო „თეთრი სახლის“ მენიუდან ფორდის ადმინისტრაციის დროს ამოიღეს.