LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ მადლობა შემოგვითვალა: სფფ-ს ღირსეულ მასპინძლობას ულოცავენ

117

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისა და გამორჩეული მასპინძლობისთვის მადლობას ოფიციალური წერილით უხდის:

 

„ბატონო ლევან,

უეფას პრეზიდენტის, უეფას წარმომადგენელთა და იმ თანამშრომელთა სახელით, რომლებიც ესწრებოდნენ საქართველოში ჩატარებულ 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენ გუნდს ტურნირის შესანიშნავი ორგანიზებისათვის. 50 000-ზე მეტმა მაყურებელმა სტადიონებზე საოცარი გარემო შექმნა, ეს ყველაფერი კი თქვენი გუნდის მიერ სტადიონებსა და მათ მიღმა გაწეული საფუძვლიანი და შესანიშნავად შესრულებული საორგანიზაციო სამუშაოების დამსახურებაა.

მონაწილე გუნდებისა და უეფას თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირი ცალსახად დადებითი იყო. იმედი გვაქვს, რომ ამ ტურნირმა თქვენს ქვეყანაში დატოვა თავისი მემკვიდრეობა – განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართ ინტერესის ზრდის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნულმა ტურნირმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში, ისევე როგორც, დიდი როლი ითამაშა თქვენს ქვეყანასა და ფეხბურთის ფედერაციაში მასშტაბური ტურნირების ჩატარების შესახებ ცოდნისა და ახალი იდეების დანერგვის მხრივ.

ტურნირის 15 მატჩიდან ჩვენ განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა გახსნითი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის გუნდებს შორის, რომელიც გორის სტადიონზე სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა; საქართველო-ჩეხეთის თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელსაც 24 000 მაყურებელი დაესწრო და, რა თქმა უნდა, გორში ჩატარებული ფინალი, რომელმაც მოლოდინები გაამართლა და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

ტურნირის ორგანიზებაში ჩართული თითოეული ადამიანი უნდა ამაყობდეს მიღწეულით. ჩვენც გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ტურნირის ჩატარებაში. მთელი ტურნირის მანძილზე ვგრძნობდით ორგანიზებაში ჩართული თითოეული ადამიანის საოცარ ძალისხმევას. განსაკუთრებით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით მუჯირს, ასევე ტურნირის დირექტორს – ნიკოლოზ ჯღარკავას, ტურნირის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ნაკაიძესა და ტურნირის კოორდინატორს თამარ ჭიჭინაძეს.

მადლობას ვუხდით ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს, ტურნირში ჩართული სტადიონებისა და კლუბების წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, მასპინძელ ქალაქებს – თბილისსა და გორს. მათი ენთუზიაზმი და ჩართულობა გამორჩეულად აღსანიშნია და დაფასებულ იქნა ყველა ადამიანის მიერ, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ტურნირთან. ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზებაში ჩართულ მოხალისეებს, და ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ სამაგალითო სამუშაოსა და თავდადებას. დიდი მადლობა სპონსორებს – რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენს ფედერაციასთან ერთად აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ 2020 წლის 19-წლამდე ქალთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ფარგლებში.

პატივისცემით,

თეოდორ თეოდორიდისი
უეფას გენერალური მდივანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g