საპარლამენტო არჩევნებისათვის, ”რესპუბლიკურ პარტიაში” ჩემს გაწევრიანებას არ უნდა ელოდოთ, ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით უსუფაშვილი ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებისას მისი რეკომენდატორი იყო.
”მიკვირს დღევანდელი ოცნებელები, უსუფაშვილს, ამ გვარს, ასეთ კონტექსტში რომ მოიხსენიებენ, თითქოს, ეს ადამიანი არ იყო ამ გუნდის წევრი და ერთერთი ლიდერი, წლების განმავლობაში, და, თითქოს, მასთან ასოცირება, ოდნავ მაინც, ჩრდილის მიყენებას ნიშნავს. საოცარი დამოკიდებულებაა, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც ეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ახვლედიანი, ფორტუნასთან ინტერვიუში, ამბობს, რომ არცერთ სხვა პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას. კითხვაზე, რა ფორმით მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, პასუხობს, რომ ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ორ კვირაში გააკეთებს.
არმაზ ახვლედიანმა, პირდაპირ ეთერში, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც გია ვოლსკიმ, აღნიშნა, რომ პარტიაში არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო და ის არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ.
”ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ვეტყოდი, რომ მისი ყოფნა, როგორც პარტიისათვის, ასევე პოლიტიკური პროცესისთვის არის დამაზიანებელი. რაც უფრო მალე დაშორდება გია ვოლსკი პოლიტიკურ პროცესს, უკეთესი იქნება. ასეთი ბატონები აფერხებენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვას, რა როლი ჰქონდა მას ”ქართულ ოცნებაში” და რა გააკეთა პარტიისათვის, ახვლედიანი პასუხობს, რომ ბოლომდე იბრძოლა და ეს კარგად იციან ყოფილმა პრემიერმინისტრებმა.
”ყოფილმა პრემიერებმა იციან, რომ ბოლომდე ვიბრძოლე, იციან რასთან დაკავშირებით და რა იდეების ირგვლივ მინდოდა დამერაზმა სხვები, მაგრამ ისიც კარგად იციან, რა შეძლეს რეტროგრადებმა, რომლებიც ცდილობდნენ დაემარხათ ყველა დემოკრატიული წამოწყება და ძირშივე დაესამარებინათ” – განაცხადა ახვლედიანმა.